ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ლიტერატურული სალონის წევრებისგან არაერთი შთამბეჭდავი დღის მომსწრე გამხდარან ჩვენი სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, თუ ღირსეული სტუმრები. ამჯერად, ლიტერატურულმა სალონმა ჩვენი სკოლის შემოქმედი პედაგოგის, მაყვალა გერმანოზაშვილის პოეზია გამოიტანა სამზეოზე. ღონისძიების ინიციატორი იყო ჩვენი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი და მე-5 მეორე კლასის დამრიგებელი, ქალბატონი ნაზი ბეჟანიშვილი, რომელსაც სიხარულით აუბა მხარი ისტორიის პედაგოგმა და მე-8 მეორე კლასის დამრიგებელმა, ქალბატონმა ნინო ჯიქიძემ. სწორედ მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეები კითხულობდნენ მაყვალა მასწავლებლის ლექსებს. მათი გულიდან ამოსული ხმა, თითოული სიტყვა მსმენელის გულში იმკვიდრებდა ადგილს. ღონისძიებას ამშვენებდა და ტკბილხმოვანებას ჰმატებდა ჩვენი სკოლის მუსიკის პედაგოგის, იზა ტყეშელაშვილის მიერ შექმნილ მელოდიებზე ამღერებული მაყვალა გერმანოზაშვილის ლექსები, რომელსაც ასრულებდა ჩვენივე ლიტერატურული სალონის მომღერალთა გუნდი. ღონისძიება საზეიმო იყო, რადგან ინიციატორმა პედაგოგებმა და მონაწილე მოსწავლეებმა სწორედ მაყვალა გერმანოზაშვილის იუბილეს, 12 აპრილს დაამთხვიეს. ასე თბილად და დიდი სიყვარულით მიულოცეს დაბადების დღე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ღირსეული სტუმრები, პოეტები: ქალბატონი-თამარ გაბროშვილი, ქალბატონი-ქეთევან დოლიძე, რომლებიც არაერთი ღონისძიების მხილველნი ყოფილან სკოლის ლიტერატურული სალონის მიერ ჩატარებული საღამოებისა, მხედველობაში გვაქვს 2014 წელს ჩატარებული პოეტ ზურაბ ჯაფარიძის პოეზიის საღამო და 2015 წელს გამართული პოეზიის საღამო, მიძღვნილი 5 უსინათლო, მაგრამ სულიერი თვალით მაყურებელი პოეტისადმი, რომელიც ჩატარდა ფონიჭალის უსინათლოთა საზოგადოების კულტურის სახლში. 12 აპრილს გვსტუმრობდნენ ამავე საზოგადოების პოეტები: ბატონი ამირან ღოღაძე, უსინათლო შემოქმედთა ჟურნალ „სინათლის“ რედაქტორი, უსინათლოთა საზოგადოების კულტურის სახლის დირექტორი-ქალბატონი ცირა ვეფხვაძე, ამავე საზოგადოების პოეტი, ქალბატონი ნათია ჯიქია. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგი, ქალბატონი ნარგული ფირცხალაიშვილი. აგრეთვე, დღეს უკვე ცნობილი, ასაკით პატარა, მაგრამ უამრავ კონკურსში გამარჯვებული, 3 მუზის მფლობელის, ლიზი ბუდაღაშვილის დედა-ქალბატონი მაია ლობჯანიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ პოეტ ლიზი ბუდაღაშვილის პირველი კრებულის „ფიქრობანას თამაშის“ პრეზენტაცია სწორედ ჩვენი სკოლის ლიტერატურული სალონის წევრებმა მოაწყვეს. საღამოს ესწრებოდა უხუცესი ქალბატონი, ეთერ ნონიაშვილი, ღონისძიების ლირიკული გმირის დედა, რომლის სტუმრობამაც დაუვიწყარი გახადა ეს საღამო. თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები. ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, ქალბატონები: ლია გვიჩია და ლელა საური, რომლებმაც საკუთარი ლექსებით მიულოცეს კოლეგას დაბადების დღე. შთამბეჭდავი სიტყვით მიულოცა იუბილე თავისივე მე-10 პირველი კლასის მოსწავლემ-ანა თავაძემ . ღონისძიება დააგვირგვინა სკოლის დირექტორის, ქალბატონ შორენა ცნობილაძის ორიგინალურმა გამოსვლამ, რაც გამოიხატა უხუცესი სტუმრისადმი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვასა და მონაწილე მოსწავლეების დიპლომებით დაჯილდოებაში. დაუვიწყარი იქნება ეს დღე, როგორც ლიტერატურული სალონის წევრებისათვის, ასევე იქ დამსწრე საზოგადოებისათვის. სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მეგობარი კოლეგები ვუსურვებთ მაყვალა გერმანოზაშვილს შემოქმედებით წარმატებებს და ლიტერატურულ სალონს კიდევ მრავალი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიბის ჩატარებას.
ქალაქ თბილისის 142-ე საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ლილიანა გვიჩია 12.04.2016წ.