„მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო“
7-06-2017, 16:21
ამა წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რიგი ღონისძიებები:
31 მაისს 4/1 კლასის ხელმძღვანელმა ლელა არჩვაძემ ჩაატარა საკლასო ღონისძიება „წიგნმა მითხრა, წიგნით ვიცი!“ საკლასო ოთახში მოწყობილი იყო მინი-ბიბლიოთეკა. ასევე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ილუსტრირებული წიგნები. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის, როგორც ადამიანის ყველაზე სასარგებლო, ყველაზე გულწრფელი, უანგარო მეგობრის შესახებ. გაიხსენეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნიერებაზე, ისაუბრეს კითხვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. წარმოადგინეს ინსცენირება გ.წერეთლის ლექსის და ი.გოგებაშვილის „თხა და გიგოს“ მიხედვით. შეასრულეს სახალისო მუსიკალური კომპოზიციები და სიმღერები.
1 ივნისს 4/2 კლასმა ეკა გულაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა დედისადმი მიძღვნილი ღონისძიება „შენი გული ვარ,დე“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მათმა მშობლებმაც. წაკითხულ იქნა სხვადასხვა მწერლებისა და გამოჩნილი მოღვაწეების ლექსები, ჩანახატები, გამონათქვამები. გათამაშებული იქნა პატარა დადგმები. პატარებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
5 ივნისს 4/3 კლასის პედაგოგმა მაია ჩაგელიშვილმა თავის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ლიტერატურული დილა, სახელწოდებით „ლექსად ნათქვამი...“, სადაც წარმოადგინა როგორც თავისი, ასევე ბავშვების მიერ ოთხი წლის მანძილზე დაწერილი ლექსები და მოთხრობები მიძღვნილი დედის, სამშობლოს, „დედაენის“, მზისა და წელიწადის დროებისადმი. ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა მათმა შესრულებულმა სიმღერებმა, ცეკვებმა და თეატრალურმა ნომრებმა.
6 ივნისს 4/4 კლასში თეა ჯოლბორდის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება „ეს ჩემი სამშობლო საქართველოა“ რომელშიც მოსწავლეებმა ისაუბრეს სამშობლოზე, მის ულამაზეს კუთხეებზე, ცალკეული კუთხეების ბუნების, ტრადიციებისა და ხალხის განსხვავებულობაზე. თითოეული კუთხე წარმოადგინეს დამახასიეთებელი სიმღერებითა და ცეკვებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიებამ თბილ და ლამაზ გარემოში ჩაიარა. მოწვეულმა სტუმრებმა ბავშვებს წარმატებები უსურვეს.