ლადო ვარძელაშვილი და დიმიტრი შაშკინი თბილისის 142-ე სკოლას ესტუმრნენ
2-11-2011, 16:15
2010-2011 სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა. სპორტის გაკვეთილების უფრო ეფექტურად და ხარისხიანად დანერგვის მიზნით, საქართველის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტის ფედერაციების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა "გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის" (VII - XII კლასები), სადაც შეტანილია სპორტის 26 სახეობა (სათამაშო სახეობები, ორთაბრძოლის სახეობები, ინდივიდუალური სახეობები).
18 სექტემბერს ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია თბილისის №142 საჯარო სკოლაში გაიმართა. გლდანის რაიონის 100-მდე სპორტის მასწავლებელს სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა წარუდგინეს. ახალი სასწავლო წლიდან სკოლა ირჩევს სპორტის სახეობების ჩამონათვალიდან მინიმუმ იმ 3 სახეობას, სადაც საშუალება ეძლევათ როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს მიიღონ მონაწილეობა ერთად (გუნდურად) ან ცალ-ცალკე.
ავტორთა მიერ პროგრამის შედგენისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ანატომიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებები, რაც მწვრთნელ-მასწავლებლებს მისცემს საშუალებას ჩასწვდნენ მოცემული მასალის აქტუალობას და მიზანშეწონილად გამოიყენონ იგი სწავლების პროცესში.
ლადო ვარძელაშვილი:" ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის გაზრდას. ეს სახელმძღვანელო თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის შედგენილი და მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც მნიშვნელოვნად წაადგებათ. გარდა ამისა, ახალგაზრდა თაობა უფრო აქტიურად დაკავდება სპორტით, რაც მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი წარმატებების გარანტი გახდება".
დიმიტრი შაშკინი:" განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს ახალგაზრდების სპორტში აქტიურად ჩასართავად. სკოლებში ჩატარდება ფიზკულტურის გაკვეთილები, თბილისის მასშტაბით გარემონტდა სკოლების სპორტდარბაზები. თუ რომელიმე სკოლას დარბაზი არ ჰქონდა მოედანი მოვუწყეთ. უნივერსიტეტებს დაევალათ კალათბურთის გუნდების დაფინანსება და საქართველოს ჩემპიონატში თამაში. ასე რომ, მომავალი თაობის ჯანსაღი წესით გასაზრდელად ყველაფერს ვაკეთებთ და საერთოდაც, სპორტი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა".
სამინისტროს პრესსამსახური