ჟურნალ „ანეულის“ ყოველი ახალი ნომრის გამოცემა მკითხველებისთვის გაცისკროვნებული დღეა, ბედნიერების მოლოდინით სავსე, მოზეიმე თვალებით რომ ვხვდებით ერთმანეთს ერთგული, გულისხმიერი მკითხველები, შემოქმედი ადამიანები: მწერლები, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, ჟურნალისტები, რომელთაც ერთი მიზანი, საერთო სულისკვეთება გვაკავშირებს ერთმანეთთან - ეს არის ჩვენი გმირი წინაპრების სისხლით გაჟღენთილი ქართული მიწის, ქართული ენისა და ქრისტიანული რწმენის გადარჩენა.
ჟურნალი „ანეული“ სწორედ ამ მამულიშვილურ საქმეს ურყევად და ერთგულად ემსახურება. ჩვენდა საბედნიეროდ, დღითიდღე ემატება ანეულელებს ეროვნული სულისკვეთებით გულანთებული ადამიანები, რაც დიდ იმედსა და სიხარულს მმატებს.
მე, როგორც ერთი რიგითი მოკრძალებული, მაგრამ ჟურნალის ერთგული მკითხველი „ანეულის“ პრეზენტაციიდან წამოსული ვერ ვიტევ იმ დიდ სიხარულსა და სულიერ აღმაფრენას, რაც ჟურნალის ყოველი ახალი ნომრის გამოცემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩემს კოლეგებს ვუყვები, ვაკითხებ ჟურნალს და გადავდებ ხოლმე იმ განწყობას ,რომელიც ანეულელებისგან მომყვება.
ჟურნალის ყოველი გამოცემა ქართული გულით ძგერს, მასში მოქცეულ თითოეულ სიტყვაში ქართული სული ცოცხლობს, ძარღვიანი ქართული მოსჩქებს, სიტყვის ძალა ღვთიურ მადლად გვეფინება მკითხველთ.
ასე მოხდა მორიგი 2017 წლის N3 ჟურნალ „ანეულის“ გამოცემისას. ამჯერად, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების ყურადღება მიიპყრო „ანეულში“ დაბეჭდილმა პროზაულმა ნაწარმოებმა, ზურაბ პაპიაშვილის „გულის მიწამ.“ ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების გულები, სხვაგვარად, გმირ წინაპართა გულებად აგვიძგერა, ცეცხლი დაანთო და გულიდან გამოჟონილი სევდა თვალებზე სინანულის ცრემლებად აგვიკიაფა. ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარს, მარინა ეზიაშვილს გაუჩნდა იდეა, ეს მოთხრობა გაეცნო პატარა მკითხველებისთვის და გაეგო მათი აზრი.
მართლაც, მე-7 ბ კლასში (დამრიგებელი ნაზი ბეჟანიშვილი, ქართულის მასწავლებელი-თქვენი მონამორჩილი) გაკვეთილების შემდეგ ჩავატარეთ ერთობლივად კლასგარეშე ნაწარმოების განხილვა, ეს ნაწარმოები გახლდათ - „გულის მიწა“
აბზაც - აბზაც კითხულობდნენ მოსწავლეები, ყველას უნდოდა წაკითხვა. დამთავრდა კითხვა და კლასში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. მოსწავლეების თვალებიდან გადმოსულ ცრემლს სინათლის ათინათი აელვარებდა.
დაიწყეს მსჯელობა პატარა მკითხველებმა: გაგვაოცა მათმა ნაგრძნობ- ნააზრევმა. მათი სახეებით ვგრძნობდით, ფიქრებით ფერეიდნელ ქართველებს დასტრიალებდნენ, იმ ქართველებს, რომლებიც ,უცხო მიწაზე გადახვეწილები, სულს უბერავდნენ მოწყენილ ვაზს, ვაზს, ქართველთა რწმენასა და იმედს, ვაზს -ქართველთა სულიერი ძალის გამოხატულებას.
პატარა მკითხველებმა მოთხრობის წაკითხვის შემდეგ იგრძნეს „გულის ფიცართან წვა,“ ის წვა, რომელიც ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს ეწვოდათ და დღესაც განიცდიან ამ ტკივილს.
ჩემი მოსწავლეებისათვის მოთხრობის გმირი მოხუცი სამაგალითო გახდა: „ მოხუცის საქციელით დამუნჯებული ხალხი გახევებული შესცქეროდა ციცქნა ბორცვს, თითქოს ეს მიწა მოხუცის მუჭიდან კი არ დაიბნა, არამედ მათი შეძრული გულებიდან სისხლის შადრევნად გადმოეშვა და გულები დაუცარიელა...“
...“მოხუცმა მიიტანა ქართულ მიწასთან და შიგ ჩარგო ისევ თითების ფრთხილი მოძრაობით შემოუყარა მიწა და დატკეპნა...“
მოსწავლეები სიხარულს ვერ მალავდნენ ვაზის გახარებით. თითქოს იმ ფერეიდნელ ქართველებთან იდგენენ გახარებულ ვაზთან და მათ სიხარულს უერთდებოდნენ.
მინდა, მთელი სულით და გულით მადლობა გადავუხადო თავად მწერალს-ზურაბ პაპიაშვილს, ჟურნალ „ანეულის“ რედაქციას, ჟურნალის გულშემატკივარ ქველმოქმედ ადამიანებს, მათ ერთგულ მკითხველებს, რომელთაც ჩემი მოსწავლეებიც შეემატნენ, და ამ პატარა, მაგრამ დიდი სიყვარულით დაწერილი ლექსით, რომელიც ჟურნალის სულისჩამდგმელ ქალბატონ თამარ შაიშმელაშვილს ეძღვნება, ქალბატონ თამარს, რომელიც ამ წერილში განხილული მოთხრობის გმირს მახსენებს, რომელიც ისე ელოლიავება და სულს უბერავს ამ ჟურნალს, რომ იარსებოს და ქართული სიტყვის მადლი მოჰფინოს ქართველთ, როგორც ის მოხუცი ესათუთებოდა ქართულ ვაზს თავის თანამოძმეებთან ერთად:
თამარ შაიშმელაშვილს
შენ, დაო, ანეულელო!
გამკვლევო, პირველ ხნულისა,
თამარ დედოფლის მემკვიდრევ!
სიტყვის დამდგმელო უღლისა...
თამარ ქალო, ნატვრის თვალო!
სიტყვის ძარღვო, ქართულისა!
ალუბლების ყვავილთ ფერო,
ფერო, ფერიცვალებისა!
სიტყვის სადარაჯოს ფხიზლად
იცავ სარეველასაგან...
ღვითიურ შუქით აცისკროვნებ,
ქართულ ენას, დედა ენას.
ქ. თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა გერმანოზაშვილი.