იაკობ გოგებაშვილი ჩვენი ერის სული და გული, ქართული ენის ამაგდარი, ბავშვების უსაყვარლესი მწერალი,მოძღვარი, „დედა ენის“ შემქმნელი,“დედა ენის“ სამყაროს შესამეცნებლად უღებს კარს ცნობისმოყვარე ბავშვებს. „აი ია“ ია -ცისა და მიწის გაერთიანება, ფერი ზენაარულისა და ღვთის სადიდებელ სურნელებად აყვანილი დედამიწიდან.
იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105-ე წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო კონკურსი გამოაცხადა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოებამ. არაერთხელ მიუღია ამ კონკურსში მონაწილეობა ჩვენს, ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, არაერთხელ მიგვიღია ამ ღირსეული საზოგადოებისაგან მადლობის ნიშნად საპატიო დიპლომები თუ სიგელები.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული ჯილდო მიიღო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოებისაგან ჩვენმა სკოლამ. საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში ჩენი 142-ე საჯარო სკოლიდან გაგზავნილმა შემოქმედებითმა ალბომებმა, ესეებმა, საკუთარმა შემოქმედებამ უმაღლესი მოწონება დაიმსახურა და ჯილდოდ სკოლას იაკობ გოგებაშვილის ორდენი გადმოგვეცა. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საპატიო სიგელები და, რაც მთავარია, დიდი სითბო, სიყვარული გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ჩვენს სკოლაში საპატიო სტუმრად იყვნენ მოწვეულნი: გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოების ხელმძღვანელი ბატონი გაგი ჩაფიძე და ამ საზოგადოების წარმომადგენელი ქალბატონები.
ჩვენი სკოლის შემოქმედი მოსწავლეები საგანგებოდ იყვნენ მომზადებული სტუმრებთან შესახვედრად, რომელიც იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო წლისთავს ეძღვნებოდა, მაგრამ ეს დიდი სიხარული, როგორც უნდა გამოგვეხატა, ვერ გამოვხატეთ. დიდ სიხარულს უდიდესი სევდა-მწუხარება ჩაენაცვლა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი არასრულწლოვანი მოსწავლის მკვლელობის გამო. მოკრძალებული სტუმარმასპინძლობისა და გარდაცვლილ მოსწავლეთა პატივის მიგების, წუთიერი დუმილის შემდეგ გადმოგვეცა ჯილდო სკოლას და საპატიო სიგელები თითოეულ კათედრას, მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებს:
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს:
1.მაყვალა გერმანოზაშვილს
2.ლეილა საურს
3.მაკა ფარეიშვილს
დაწყებითი კათედრის მასწავლებლებს(კათედრის ხელმძღვანელი ნინო შოვნაძე),
ისტორიის მასწავლებელს-ნათელა ჩხიკვაძეს.
ეს ჯილდო, დიდი სიხარულთან და სიამაყესთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენი სკოლის პედკოლექტივს, რათა შემდგომში გავამართლოთ და კვლავაც წარვსდგეთ სხვადასხვა ეროვნულ კონკურსებში, უკეთესად, ვიდრე დღეს ვიყავით.
სიტყვა წარმოსთქვა და მადლიერება გამოხატა მობრძანებისათვის საპატიო სტუმრების მიმართ ჩვენი სკოლის დირექტორმა ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ.
სტუმრებმა: ბატონმა გ.ჩაფიძემ- აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით 7000-ზე მეტი ნაშრომის წაკითხვა მოუწიათ, რომელთა წაკითხვის დროს ცრემლიც მოადგათ თვალზე. აღნიშნეს ისიც,რომ ამდენ საუკეთესო ნამუშევართა შორის, რჩეულ ნაშრომებად ჩვენი სკოლის ნამუშევრები აღიარეს. ყველა ნომინაციაში უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდა თითოეული ნაშრომი, ამიტომაც ჯილდო სწორედ ჩვენ, 142-ე საჯარო სკოლამ დავიმსახურეთ.
მინდა აღვნიშნოთ, რომ კონკურსში მონაწილეთა ნაშრომებისა და ალბომების შეკრება, შერჩევა დირექციისგან დაევალა ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილს, ქალბატონ დონარა სულამანიძეს, რომელიც მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საპატიო საქმეს და შედეგმაც არ დააყოვნა.
ასეა, როდესაც საქმეს მთელი გულით და სულით აკეთებ ადამიანი, და საერთო საქმეში ასეთი ერთგულება, სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა და პედკოლექტივის ენთუზიაზმი და მოტივაცია მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული, შედეგიც შესაბამისია.
მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, ვინც წვლილი შეიტანა საპატიო ჯილდოს მოპოვებაში. მადლობა სკოლის დირექციას და მადლობა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოებას ჩვენი შრომის საპატიო, იაკობ გოგებაშვილის ორდენით დაჯილდოებისათვის.
ქ. თბილისის 142-ე საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მაყვალა გერმანოზაშვილი