დიდი მამულიშვილების ღვაწლს არ ივიწყებს შთამომავლობა და ასე იქნება მუდამ. ქართველი ერი დღესაც მათ ნაკვალევზე დადის, მათ ხსოვნას გულში სანთლებად ინთებს. სწორედ ასეთ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება დიდი ქართველი, ქვეყნისა და ერის მოამაგე, ბატონი რევაზ თაბუკაშვილი.
2018 წლის 8 ივნისს ქ. თბილისის N142-ე საჯარო სკოლაში ბატონი რევაზის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართა პროექტ - ღონისძიება სახელწოდებით ,,ნაგვიანევი ყვავილები“.
მოსწავლეთა ჟრიამულმა, პედაგოგიური კოლექტივის ხალისიანმა და საპატიო სტუმრების მოლოდინით აღსავსე განწყობამ კიდევ უფრო მეტი მღელვარება შემატა იმ დღეს. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად მოწვეულ საპატიო სტუმრებს, ჩოხოსანთა დასის თავმჯდომარეს ბატონ გოგი დოლიძესა და დასის სხვა წევრებს ღირსეული დახვედრა მოუწყო.
სკოლის ამეტყველებული კედლებიდან ცოცხლდებოდა წარსული, რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალა სრულად წარმოაჩენდა მის განუზომლად დიდ ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე. მისი უმშვენიერესი მეუღლის, მედეა ჯაფარიძის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ქართული მშვენიერება, მედეა ჯაფარიძე, უკვდავია და ეს სილამაზე გვერდს უმშვენებდა ისეთ დიდ ქართველს, როგორიც იყო ბატონი რეზო თაბუკაშვილი.
ლიტერატურული სალონის პროექტ-ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი ლეილა საური. მან აუდიტორიას წარუდგინა მოწვეული სტუმრები, მოკლედ ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობასა და ძირითად დეტალებზე.
პროექტის მიზანი აგრეთვე იყო ის, რომ მოსწავლეები დაეფიქრებინა ნაკლები ნაკითხობის, წიგნიერების პრობლემებზე. სწორედ ამიტომ ღონისძიება გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის- ,, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“- ინსცენირებით დაიწყო. თეატრალიზებული სცენები ცვლიდა ერთმანეთს. წარმოდგენილი იყო სცენა ,,ქაოსი“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, ,,ცხოვრების მსხვერპლი მგზავრი“, თაბუკაშვილის მიერ ნათარგმნი შექსპირის 66-ე სონეტით მაყურებელს წუთისოფლისგან დაღლილი მგზავრის ემოციებს გადასცემდა.
,,ქაოსის“ სცენა შეიცვალა ,,ჩვენი ეზოს“ სცენით. ამ ნაწილის მიზანი იყო კარცერ-ლუქსის თემის გაშლა და წიგნიერებასთან დაკავშირებული პრობლემის გამოკვეთა. სწორედ ამ საკითხს უკავშირდება ცოდნა იმისა, თუ რა გზა გაიარა ქართველმა ერმა დღემდე, ვინ იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ვინ იყო რეზო თაბუკაშვილი.
ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეებმა საზოგადოებას გააცნეს თაბუკაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ჰოლანდიაში დაღუპულ ქართველ ტყვეთა ისტორია, რომელსაც რეზო თაბუკაშვილი ოცი წლის განმავლობაში იკვლევდა.
პროექტის ეს ნაწილი მოსწავლეებმა თეატრალიზებულად წარმოადგინეს. გააცოცხლეს სცენები ,,ჯვარცმული კუნძულიდან“. მათ გააღვიძეს პატრიოტული სულისკვეთება მაყურებელში, გადმოსცეს ლექსებით ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ერის სულიერება.
ღონისძიების ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბატონ რეზოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის განხილვას. ბოლოს კი მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს რეზო თაბუკაშვილის თარგმანები და ლექსები. კლასიკური მუსიკის ფონზე წაკითხულმა ლექსებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
დასასრულს მაყურებელსა და მონაწილე მოსწავლეებს გაესაუბრნენ საპატიო სტუმრები. ბატონმა გოგი დოლიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ბავშვებს და ისაუბრა ბატონი რეზო თაბუკაშვილის ღვაწლის შესახებ. მან აღნიშნა აგრეთვე ის დიდი შრომა, რაც ჩადებული იყო წარმოდგენილ პროექტში.
ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ლეილა საურმა აღნიშნეს, რომ პროექტში მონაწილეობდა 75 მოსწავლე, მეექვსე, მერვე და მეთერთმეტე კლასელები. ისაუბრეს იმ დიდ მონდომებასა და ინტერესზე, რომლებიც გამოიჩინეს ბავშვებმა.
მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქალბატონმა შორენა ცნობილაძემ დააჯილდოვა სიგელებით.
შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო ეს დღე არა მარტო N142 სკოლის მოსწავლეებისათვის, არამედ საპატიო სტუმრებისა და დამსწრე საზოგადოებისთვისაც.