მე,ოჯახი და სკოლა
ქ.თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები,მასწავლებლები, მშობლები, ღირსეული სტუმრები სასწავლო წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიების მომსწრენი გავმხდარვართ. განსაკუთრებით, სასწავლო წლის დასასრულს დაიხუნძლება ხოლმე სკოლა საკლასო თუ სასკოლო შემოქმედებითი მიღწევების ჩვენებით.
ასეთ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია VI/1 კლასის შემოქმედებითი საღამო, რომელსაც მთავარ ხაზად გასდევდა „მე, ოჯახი და სკოლა“.
დღეს, როგორც არასდროს, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობელი, შვილი, სკოლა გათიშვის პირასაა, დროის უქონლობის გამო, მშობელი, ყოველდღიური საზრუნავით დაკავებული, ვერ ახერხებს, როგორც შვილთან, ასევე სკოლასთან კონტაქტს.
VI/1 კლასის ღონისძიება „მე, ოჯახი და სკოლა“ დღევანდელი, მწარე რეალობის წინააღმდეგ ამხედრება იყო, რომელმაც ეს სამი უმნიშვნელოვანესი რგოლი: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი გაამთლიანა და საუკეთერსო შედეგებიც გვაჩვენა. მოსწავლეებმა, მშობლებმა, მასწავლებელმა, დამსწრე საზოგადოებამ ერთ დიდ ოჯახში იგრძნეს თავი სრულფასოვან წევრებად, მამულიშვილებად, ამ დიდ ოჯახს კი საქართველო ჰქვია თავისი კუთხე-კუნჭულების მთლიანობით.
ღონისძიებაზე მხატვრულად, გამომეტყველებით გახმიანდა ქართველ მწერალთა და პოეტთა პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები.
VI/1 კლასის ამაგდარ, ბავშვებზე და თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულ მასწავლებელს, ქალბატონ ქეთევან ჩიტაშვილს არც თანამედროვე ქართველ შემოქმედთა ლექსები გამორჩენია, რადგან დღევანდელი ტკივილი უფრო მეტად წარმოეჩინა, ტკივილი, რომელსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოუშუშებელი ჭრილობა ჰქვია.
ქალბატონმა ქეთევანმა სკოლის შემოქმედ მასწავლებელთა ლექსებიც ჩართო ღონისძიებაში, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ იგი არამარტო მოსწავლეთათვის,არამედ კოლეგებისათვისაც არის სტიმულის მიმცემი, რაც ერთი ათასად ამაღლებს მას საზოგადოების თვალში. მას არ გამორჩენია VI/1 კლასელთა მესაძირკვლის, ქალბატონ გულიკო ჯაფარიძის დიდი წვლილი მოსწავლეთა წარმატებებში.
ღონისძიებაზე მოსწავლეთა გულანთებულ გამომეტყველებით კითხვაში გამოვლინდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქალბატონ ლია გვიჩიას მაღალი პროფესიონალიზმი, მისი დაუცხრომელი მუშაობის შედეგი.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეების მშობლები, გამოვლინდა VI კლასის მოსწავლეთა, როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარეშე წრეებში მათი მიღწევები სპორტსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში.
საღამოს ამშვენებდა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც მოსწავლეთა ოჯახების სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული ფოტოები იყო წარმოდგენილი.
მასწავლებელმა, ქეთევან ჩიტაშვილმა, ღონისძიება თავად წაიყვანა და იქ დამსწრე საზოგადოებას უშურველად გაგვინაწილა გულითადი სიყვარული.
ასეთი ღონისძიების ჩატარების სურვილსა და სტიმულს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს გვაძლევს სკოლის დირექცია, ქალბატონ შორენა ცნობილაძის თაოსნობით, რომელსაც შეუძლია ღონისძიებით მიღებული შთაბეჭდილებები შეუკავებელი ემოციებით გადმოსცეს. დაუფასოს შემოქმედებითი ღვაწლი კოლეგებს, მოსწავლეებს, მშობლებს.
მე, როგორც ერთ-ერთი პედაგოგთაგანი ამ სკოლისა მეამაყება, რომ ვარ მასწავლებელი, მიუხედავად დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, ვმოღვაწეობ თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში და გვერდით მყავს პროფესიონალი, შემოქმედი მასწავლებლები, დირექცია, რომლებიც ქვეყნის მომავალს ადუღაბებენ,ამთლიანებენ სკოლას, ოჯახს, მოსწავლეს ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც საქართველო ჰქვია.
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მაყვალა გერმანოზაშვილი