თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ზამთრის სუსხიან დღეებში სითბოსა და სიკეთის გაცემა იმ ადამიანებთან, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს იქნება ძეგვის ბავშვთა და მოზრდილთა სახლი, თემქის მოხუცთა პანსიონატი,სოციალურად დაუცველი ოჯახები, თუ უპატრონო ბავშვები.
2018 წლის 27 დეკემბერს 142-ე საჯარო სკოლის თბილელებმა გეზი დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატისკენ აიღეს.
დუშეთში ვიზიტს წინ უძღოდა სკოლაში თბილელების მიერ შეგროვილი თბილი ტანსაცმლის, ტკბილეულისა და, რაც მთავარია, თბილი და სიკეთით სავსე სახეებით მადლიანი საქმის ხალისით კეთება.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოჰქონდათ თავისზე დიდი ფუთები, რომლებსაც მოჰყვებოდნენ ხელდამშვენებული უფროსები. ერთი ციდა ბავშვებს საუკეთესო მაგალითს აძლევდნენ უფროსკლასელი თბილელები.
სიკეთის კეთება, თბილელობა გადამდები გამოდგა თემქის მთელი დასახლებისათვის. თბილელთა ოჯახს უამრავი წევრი შეემატა. ზამთრის სიცივეს ვიღა გრძნობდა ?! გაზაფხულის სითბო იღვრებოდა მათი თვალებიდან.
სასიკეთო საქმის ინიციატორები გახლდათ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის დირექტორი-ქალბატონი, შორენა ცნობილაძე და ამავე სკოლის აქტიური მშობელი-პოეტი, დიკა სალაყაია. მათ ინიციატივას ორგანიზება გაუკეთა ბატონმა გიორგი ასლამაზიშვილმა.
ორ კვირაში თბილელებისათვის გამოყოფილი ოთახი გაივსო ხვავით, ბარაქით, სითბოთი, სიკეთით და, რაც მთავარია, ღვთიური მადლოთ, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით. მოღრუბლულ ნისლიან დღეებში უამრავი მზე ანათებდა, გულიდან გამოსული სითბო ნისლსა და ღრუბელს შორს-შორს ფანტავდა.
დადგა სანუკვარი 27 დეკემბერი. სკოლის ეზოში ჩამწკრივდნენ დუშეთში წამსვლელი სამარშუტო მანქანა თუ მსუბუქი ავტომანქანები.
პედაგოგების დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო ამ სასიკეთო საქმეში. სკოლაში არსებული ყველა კათედრის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. პედაგოგებს ახლდათ დირექტორის მოადგილე, ქალბატონი, დონარა სულამანიძე, სკოლის მენეჯერი-ქალბატონი, ირმა მუხიგულაშვილი. სკოლის პედკოლექტივს მხარს უმშვენებდნენ ამერიკიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტები: ქალბატონები: ნინელი ნაზღაიძე, ეკატერინე ნაზღაიძე, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ მადლიან საქმეში და დაამტკიცეს, სადაც უნდა იყვნენ, ფესვებს არასოდეს სწყდებიან, სიკეთის კეთებას შორს ყოფნა ხელს არ უშლის. მათი შორს წასვლა ხომ ისევ სიკეთით იყო გამოწვეული.
თავისი ნებით და სიკეთის კეთების სურვილით მასწავლებლებს მხარი აუბა ქალბატონმა, ხათუნა ჭოხონელიძემ, თბილ ტანსაცმელთან ერთად ტკბილეულით ხელდამშვენებული თბილელების ოჯახს შეუერთდა.
თბილელებს, ყოველგვარი ანგარების გარეშე, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, შემოგვიერთდნენ რუსთაველის ქუჩის მუსიკოსები: თორღვა-საბა საფარელი, საბა ღურწკაია, მახო თოდუა, ალექსანდრე შენგელია, ირაკლი ბერძენიშვილი, რომელთა სიმღერებმა საახალწლო ზეიმის განწყობა შეუქმნა, როგორც მასპნძლებს, ასევე იქ ჩასულ სტუმრებს.
უჩვეულო შეხვედრა შედგა შეკავებული ცრემლებითა და ღიმილიანი სახეებით. ეტლებში მსხდომი ბენეფიციალები თავისი პროგრამით დაგვხვდნენ. ჯერ სტუმრებს დაგვითმეს არენა. მასპინძლებს მიესალმა ქალბატონი შორენა, მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის. ღონისძიების ინიციატორმა, პოეტმა, დიკა სალაყაიამ საკუთარი ლექსი წაუკითხა და თითოეული სიტყვითა თუ სტრიქონით, სინათლე და სიკეთე მოჰფინა იქ მყოფთ. საკუთარი ლექსით წარსდგა პედაგოგი მაყვალა გერმანოზაშვილი. ლექსებს მოჰყვა რუსთაველის ქუჩის მუსიკოსთა გულანთებული სიმღერები, დარბაზში არ წყდებოდა აპლოდისმენტები.
ამ დღის მთავარი სათქმელი კი მასპინძლებმა თქვეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა, რომ შემოქმედებით შესაძლებლობას ვერაფერი დააბრკოლებს.
გაისმა ეტლში მჯდომი თამუნა წეროძის სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი აიყოლია, არ წყდებოდა ტაში. თამუნას სიმღერას შეენაცვლა პანსიონატის მკვიდრი-გიორგი ბუდნიკოვის სიმღერა. გაგვაოცა პანსიონატის უნიჭიერესმა მონაწილემ-ეკა პეტროსიანმა იშვიათი ხმითა და სიმღერის შესრულებით. მას მოჰყვა ლალი მესტოიანის სიმღერა. წარუშელილი შთაბეჭდილება დატოვა ბენეფიციალ უჩა ოსეფოვის სიტყვამ და მისმა იშვიათი ოსტატობით წაკითხულმა ლექსმა.
კონცერტის განმავლობაში ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა 142-ე სკოლის თბილელთა ოჯახის სული და გული - ქალბატონი შორენა ცნობილაძე, მოსაფერებელი რომ არ დარჩენოდა რომელიმე ბენეფიციალი. შეკავებული ცრემლებითა და ღიმილიანი სახით თითოეულ მასპინძელში იმედსა და ნუგეშს ტოვებდა.
27 დეკემბერი ნისლიანი, გადათოვლილი ბუნებით, მაგრამ მზიან დღედ დარჩა ჩვენს ცნობიერებაში. სტუმარ-მასპინძლებს დაშორება აღარ გვინდოდა. ამ დღემ დაგვანახა ის შესაძლებლობა, რომ სიკეთით გაერთიანებული ადამიანები შეზღუდულობას ამარცხებენ და მის მიღმა ამაღლებულ სულს, შემოქმედებით ნიჭს თაყვანს სცემენ.
და, ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის პედკოლექტივის სახელით პანსიონატის დირექტორს-ბატონ თამაზ ბერბერაშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენს ერთობლივ შეხვედრას. პანსიონატის ყველა მუშაკს ამ ურთულესი, მაგრამ მადლიანი საქმის კეთებისათვის. პანსიონატის ადმინისტრაციას, დირექციას, ფსიქოლოგ-ხატული მელიწკაურს, შრომა-თერაპიის ინსტრუქტორებს: ნინო ბოძაშვილს და ლალი შალიკაშვილს, ექიმ-ფსიქიატრს-მარიამ ბრაჭულს, მორიგე ექთანს-მაია მათიაშვილს, ბუღალტერს-ლია წიკლაურს. და ამ ღონისძიების განხორციელების ორგანიზატორს-გიორგი ასლამაზიშვილს.
მადლიანი დღისათვის დუშეთიდან მომავალთ დათოვლილი ნაძვები მადლობას გვიძღვნიდნენ, ნიავის შებერვით ტოტებიდან ჩამოსული თოვლი მანანად გვეფრქვეოდა უფლის საჩუქრად.
ბინდდებოდა, მაგრამ სიკეთე გვინათებდა გზას და ზამთრის სუსხიან დღეს გულს სულის გაზაფხული გვითბობდა.
ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-
მაყვალა გერმანოზაშვილი.