31-05-2019, 15:31
დღეს, 2019 წლის 31 მაისს, 142-ესაჯარო სკოლაში Iა კლასის დამამთავრებელი ღონისძიება, სახელწოდებით "ჩვენი ენა ქართული" გაიმართა.
კლასის დამრიგებლის, ქალბატონი ნაილი ბახტურიძის პატარა შეგირდებმა სკოლის სცენაზე დგომის გამოცდილება მიიღეს და დარბაზში შეკრებილებს მშობლიური ენის სიყვარულით სავსე სიტყვები და მუსიკალური ჰანგები შემოგვთავაზეს. მხატვრულად ისაუბრეს საქართველოს ისტორიასა და ქართული ენის მნიშვნელობაზე. დიდი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" სიმბოლოდ ქცეული ყვავილის, იისფერით დამშვენებულმა გოგო-ბიჭებმა ჩვენი საამაყო ანბანის ხმოვნები და თანხმოვნები პოეტური სტრიქონებით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ამშვენებდა ტრადიციული, ქორეოგრაფიული ნომერი პატარა მოცეკვავეების შესრულებით.
ზეიმის ბოლოს, ნაილი მასწავლებელს ღირსეული პედაგოგობისათვის, მშობლების სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა. სიმბოლური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მისი მოსწავლეებიც... პირადად ჩემთვის, როგორც პოეტისთვის, რომელსაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, ყველაზე ემოციური წუთები იყო, როცა შესაძლებლობა მომეცა, ჩემი შვილის და მისი კლასელების ღონისძიებაში ჩავრთულიყავი საკუთარი ლექსით, რომელიც ზეიმის თემის შესაბამისად, ჩვენს საყვარელ სამშობლოს და მომავალი თაობის იმედს ეძღვნება. ამ შესაძლებლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნაილის და სკოლის დირექციას!
საუკეთესო სურვილებით, Iა კლასის მშობელი თეა თაბაგარი