გამოვლინდა ბრენდირებული სკოლები
29-10-2011, 14:46
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ბრენდირების პროცესში გამოვლენილი ათი საუკეთესო სკოლის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულ სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიენიჭათ. ბრენდირებული სკოლების ნუსხა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
სკოლებში ბრენდირების პროცესი გასულ წელს დაიწყო. საჯარო სკოლებისთვის ბრენდირება სავალდებულო, კერძო სკოლებისთვის კი ნებაყოფლობითია. აღნიშნულ პროცესში სკოლამ სხვადასხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რომლის მიხედვით განისაზღვრება თუ რამდენი ვარსკვლავი მიენიჭება მას.
ბრენდირების საწყის ეტაპზე სკოლები თავად სკოლის ადმინისტრაციამ შეაფასა, ხოლო მათთვის ვარსკვლავების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უკვე სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო. სკოლის შეფასების მაქსიმალური შკალა ათი ვარსკვლავით განისაზღვრა. თავდაპირველად ყველა სკოლას ხუთი ვარსკვლავი ავტომატურ რეჟიმში მიენიჭა. სკოლებისთვის ვარსკვლავის მომატება კი, სხვადასხვა კრიტერიუმზე იყო დამოკიდებული. სკოლას მეათე - მაქსიმალური ვარსკვლავი აკრედიტაციის შედეგად მიეცემა.
ბრენდირების პროცსეში სკოლა შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება:
სწავლა - სწავლება;
მასწავლებელთა კვალიფიკაცია;
პროგრამები, პროექტები და ოლიმპიადები;
სკოლის წარმატების მონაცემები;
სკოლის ინსტიტუციონალური მონაცემები;
სასკოლო ატესტატი და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების მაჩვენებელი.
ბრენდირების ძირითადი მიზანი სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით მათი წახალისებაა. ბრენდირება მშობლებს დაეხმარება წინასწარ მიიღონ ინფორმაცია სკოლების შესახებ და გააკეთონ სწორი არჩევანი. სკოლების ბრენდირების პროცესი მუდმივად განხორციელდება და ბრენდირებული სკოლები ყოვეთვიურად გამოვლინდებიან.