მე-60 და 203-ე საჯარო სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს
29-10-2011, 14:46
სამინისტროს მიერ ინიცირებული „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის №60 საჯარო სკოლისა და თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო საღამო გამართეს. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მოწყობილ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, მოწვეული სტუმრები და პარლამენტარები დაესწრნენ.
ღონისძიების პირველი ნაწილი საქველმოქმედო აუქციონს დაეთმო. გამოფენა-აუქციონზე გამოტანილი იყო პროგრამაში მონაწილე მოხალისე ბავშვების ერთობლივად დამზადებული ხელთნაკეთი ნივთები (თოჯინები,ნაქარგობის ნიმუშები). აუქციონზე გაყიდული ნივთების შედეგად შემოსული თანხა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს გადაეცათ, ეს ბავშვები მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ.
მეორე ნაწილში თბილისის №60 საჯარო სკოლისა და თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა რიონოსკე აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით მომზადებული პერფომანსი „რასიმონის კარიბჭე“ წარმოადგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბრიტანულ ორგანიზაცია „Children’s high Level Group“-თან თანამშრომლობით, რამოდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამას“.
პროგრამაში ჩართულია ის საჯარო სკოლები, რომელთა თემში ბავშვთა სახლები და სპეციალიზირებული პროფილის საჯარო სკოლები მდებარეობენ. ამ სკოლათა აღსაზრდელების დასამეგობრებლად რეგულარულად ხორციელდება კლუბური სამუშაოები (ხელგარჯილობა, სპორტი, სიმღერა, ცეკვა და ა. შ.). ერთობლივი ღონისძიებები ინკლუზიური სწავლებისა და მოზარდთა სამოქალაქო განათლებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. პროგრამა ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრებას და მათ ჩაბმას საზოგადოებრივ საქმიანობაში.