ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” ხელნაწერი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს
29-10-2011, 14:45
2011 წელს ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს ,,იუნესკოს’’ საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, იუნესკოს პროგრამას “მსოფლიო მეხსიერება” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ივლისში წარედგინა.
პროგრამის ფარგლებში 500–მდე ქართული ხელნაწერი 7 ახალ ძეგლს შორის მოხვდა. კოლექცია IX-XV საუკუნეების ბიზანტიურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს და მსოფლიო კულტურის ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ნუსხაში შესულია ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები, ზედდართული ქართული კომენტარები და სხვა შინაარსის ძეგლები. მათ შორის არის თარგმანები, რომლის დედნები აღარ არსებობს და მეცნიერები მათ მხოლოდ ქართული წყაროების მიხედვით იკვლევენ.
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვა უახლესი და ყველაზე შესაბამისი ტექნოლოგიით; მხარი დაუჭიროს დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქართული წერილობითი წყაროების გვერდით ”იუნესკოს” რეესტრს დაემატა აშშ-ს, საფრანგეთის, ყაზახეთის, პორტუგალიის, სომხეთისა და ანგოლას დოკუმენტური ძეგლებიც, თუმცა მათ შორის ქართული კოლექცია ყველაზე ძველია.
იუნესკოს პროგრამა “მსოფლიო მეხსიერების” რეესტრში სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 245 ხელნაწერი ძეგლია შესული.